საყურადღებო სიმპტომები ორსულობის დროს

ბუნებრივია, რომ ორსულ ქალბატონს ძალიან ბევრი შეკითხვა აწუხებს. დედებისთვის შექმნილ ონლაინ ფორუმებშიც აქტიური განხილვის თემაა ორსულები და მათი შეკითხვები. ხშირად ხდება ისე, რომ დედები რჩევებს აძლევენ მომავალ დედებს, გამონაკლისი კი არც სამედიცინო საკითხები გახლავთ. ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომი შესაძლოა მძიმე დაავადების გამოვლინება იყოს და ორსულობაზე რთულად აისახოს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
რა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ?

ამ კითხვებზე ჩაჩავას კლინიკის თერაპევტი, ნატო ჯაყელი გვიპასუხებს:

- როდის უნდა მიმართოს ორსულმა თერაპევტს?
- ორსულობა წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხდება ლატენტურად მიმდინარე დაავადებების ხშირი გამოვლინება. სწორედ ამიტომ, ორსულობის დროს პაციენტსაც და ექიმსაც დიდი ყურადღება მართებთ. ორსულობის დასაწყისში, თუ ორსულობამდე პაციენტს არ მიუმართავს ექიმისთვის, სასურველია ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია. ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს დაუნიშნავს შესაბამის ანალიზებს და მკურნალობას, რათა ესა თუ ის დაავადება ორსულობის დიდ ვადაზე არ გამწვავდეს და საფრთხე არ შეუქმნას როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. ქვემოთ ჩამოვთვლით იმ სიმპტომებს, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ორსულობის პერიოდში მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ასევე, არ შეიძლება სხვათა გამოცდილების გაზიარება: ,,მე მიშველა და შენც გიშველის", არასწორი მიდგომაა.


- კონკრეტულად რა სიმპტომები შეიძლება აწუხებდეს ქალს ორსულობის დროს?

- პირღებინება - I ტრიმესტრში (ორსულობის მე-6 კვირის ჩათვლით) ხშირია პირღებინება, როგორც ორსულთა ტოქსიკოზის გამოხატულება. თუმცა, სანამ ეს დიაგნოზი დაისმება, აუცილებელია ორსულმა კონსულტაცია გაიაროს თერაპევტთან, რათა გამოირიცხოს ღებინების გამომწვევი სხვა დაავადებები.
ტემპერატურის მომატება - ჯანმრთელი ქალების 1/3 განიცდის ორსულობის საწყის ეტაპზე ტემპერატურის მომატებას (ორსულთა სუფებრილიტეტი). თუმცა აუცილებელია, რომ დიაგნოზი ექიმმა დასვას და გამოირიცხოს მძიმე დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, პნევმონია და სხვ.).

აირების დაგროვება - ორსულობის დროს აირების დაგროვება ხშირად მეტეორიზმის გამოხატულებაა, რომელსაც თან ახლავს მუცლის ტკივილიც. ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომლებიც ორსულობის დროს შესაძლოა ატიპიურად მიმდინარეობდეს. მაგალითად: აპენდიციტი, გაუვალობა, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი - პაციენტმა არ უნდა მიმართოს თვითმკურნალობას; დაუშვებელია მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე.
თავის ტკივილი - ორსულობის II ნახევარში ძალიან საყურადღებოა, რადგან ის შეიძლება იყოს ისეთი მძიმე დაავადების გამოვლინება, როგორიც არის პრეეკლამფსია, ორსულთა ჰიპერტენზია, პროტეინურია, შეშუპება.
მხედველობის დარღვევა - ბრჭყვიალა და შავი წერტილები, მხედველობის დაბინდვა - ეს შესაძლოა არტერიული წნევის მომატების შედეგი იყოს და სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
გულისრევა-ღებინება - განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევარშია საფრთხილო. ასეთ მდგომარეობას ხშირად ახლავს თან არტერიული წნევის მომატება და სხვა მძიმე დაავადებები. განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ჰეპატიტები.
ტკივილი კუჭის არეში - შესაძლოა მძიმე დაავადების გამოვლინება იყოს. ცხადია, დაუშვებელია თვითმკურნალობა ან მედიკამენტის მიღება.
გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი - შესაძლოა ეს იყოს ორსულობის დროს განვითარებული ან მძიმე დაავადების თანმდევი მდგომარეობა. დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ექიმმა უნდა დასვას.
ტკივილი ქვემო კიდურებში, ჰიპერემია, შეშუპება - საჭიროებს დროულად ექიმთან ვიზიტს, სიტუაციის შესაფებას და მკურნალობის დანიშვნას.
რესპირატორული დაავადებები - გახშირებული ხველა, სისხლიანი ნახველი, ჰაერის უკმარისობა. უბრალო გაციების მიღმა შესაძლოა მძიმე დაავადება იმალებოდეს. ორსულები პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
დიარეა-ფაღარათი - საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
თავის ტკივილი - 2 დღეზე მეტ ხანს გაგრძელებული ტკივილი საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.

თუ ხართ ორსული და ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები, დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი პატარა!


 

სალომე გორგოშიძე

წყარო: mshoblebi.ge