ორსულის გზამკვლევი - ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა

რას მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა?
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ორსული ეტაპობრივად მიჰყვეს გაწერილ პროგრამას და არ გამოტოვოს ვიზიტები?
რა ინფორმაციას ინახავს „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი?

ამ საკითხებზე ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, სალომე ესებუა გვესაუბრება:

- რას მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა?
- ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ყველა ორსულისათვის პროგრამით გათვალისწინებული 8 ანტენატალური ვიზიტის ჩატარებას.

- ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
- პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობისა და დროებითი ბინადრობის მქონე ყველა ორსულ ქალბატონს.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ორსული ეტაპობრივად მიჰყვეს გაწერილ პროგრამას და არ გამოტოვოს ვიზიტები?
- ვინაიდან თვითონ ორსულობა არის პროგრესული და დინამიური პროცესი და გართულების საფრთხეც ნებისმიერ ეტაპზე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საფეხურის ეტაპობრივად გავლა და უწყვეტი შეფასება.

- რა პროფილაქტიკური გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში? რა დანიშნულება და მნიშვნელოვა აქვს თითოეულ გამოკვლევას?
- ანტენატალური მეთვალყურეობა მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ 8 ანტენატალურ ვიზიტს:

I ანტენატალური ვიზიტი ტარდება ორსულობის მე-12 (+6 დღე) კვირამდე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • პირადი და ოჯახური ანამნეზის შეკრება მაღალი რისკის ორსულობის გამოსავლენად;
  • არტერიული წნევის და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება (პულსი, სუნთქვის სიხშირე, რიტმი);
  • ორსულის აწონვა, გაზომვა და სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა;
  • ორსულების გარე სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიების გამოვლენა და სარძევე ჯირკვლების გასინჯვა;
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუს კუთვნილების განსაზღვრა.

ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების შემთხვევაში;

  • სისხლის საერთო ანალიზით ფერიტინის გასნაზღვრა თუ Hb-ის დონე <110გ/ლ;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ასიმპტომური ბაქტერიურიის დადგენის მიზნით;
  • სკრინინგული ტესტები: B ჰეპატიტის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გამოსავლენად;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის ვადის, მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგენის და კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრის მიზნით.

II ანტენატალური ვიზიტი ორსულობის მე-18-20 (+6 დღე) კვირამდე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ნაყოფის განვითრების მანკების გამოვლენის მიზნით;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება.

III ანტენატალური ვიზიტი ორსულობის 26-ე (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა;
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში ანემიის გამოვლენის მიზნით;
  • რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების შემთხვევაში);
  • მცირე ტესტი 50გრ.გლუკოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ - გლიკემიის ხარისხის დადგენა (სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით);
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა დინამიკაში.

 IV ანტენატალური ვიზიტი ორსულობის 30-ე (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა;
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა დინამიკაში.

V ანტენატალური ვიზიტი ორსულობის 34-ე (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა;
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა დინამიკაში.

VI ანტენატალური ვიზიტი ორსულობის 36-ე (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა;
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა დინამიკაში.

VII ანტენატალური ვიზიტი ორსულობის 38-ე (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა.

VIII ანტენატალური ვიზიტი ორსულობის მე-40 (+6 დღე) კვირის ვადაზე:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • არტერიული წნევისა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება;
  • შარდში პროტეინურიის (ცილის) ხარისხის დადგენა.

- რომელ კვირაზე სრულდება ანტენატალური მეთვალყურეობა და რა ინფორმაციას ინახავს „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი?
- ანტენატალური მეთვალყურეობა მოიცავს მშობიარობამდე 8 ანტენატალურ ვიზიტს და სრულდება 40 კვირის (+6 დღე) ვადაზე;
ე.წ. „გაცვლა-გამოცვლის“ ბარათი არის ორსულობის მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების მოკლე შეფასება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მისი საჭიროების აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ანტენატალური მეთვალყურეობის ელექტრონული პორტალი, რომელიც სრულად ასახავს ორსულობის მიმდინარეობას და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული სამედიცინო სერვისის მიმწოდებლისთვის.