რას ნიშნავს ფრანგული საკეისრო კვეთა?

რას ნიშნავს ფრანგული საკეისრო კვეთა?   - ამ საკითხზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს მეან-გინეკოლოგი, ზურაბ დარახველიძე: 

ფრანგული, ამბულატორიული  საკეისრო კვეთა წარმოადგენს საკეისრო კვეთის ერთერთ მეთოდს, რომლის დროსაც არ ხდება ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუში შესვლით. ექსტრაპერიტონეალური  საკეისრო გულისხმობს საშვილოსნოზე წვდომას პერიტონეუმის გაკვეთის გარეშე. პერიტონეუმი არის თხელი გარსი, რომელიც ფარავს და მოიცავს მუცლის ღრუს ყველა ორგანოს,  რეპროდუქციულ, საშარდე და საჭმლის მომნელებელს სისტემას.

რა სხვაობაა კლასიკურ და ფრანგულ საკეისრო კვეთას შორის? 
კლასიკური საკეისრო კვეთა, რომელიც მოწოდებულია კოენ სტარკის მიერ, ასევე ითვლება დამზოგველ მეთოდად, ოპერაციის დროს ხდება პერიტონეუმის ფურცლის გაკვეთით და ასე შევდივართ მუცლის ღრუში, ვაწარმოებთ ჩარევას საშვილოსნოზე, სადანაც ამოგვყავს ბავშვი. 

ფრანგული მეთოდი ანატომიურად და ქირურგიულად რომ განვსაზღვროთ, არის ექსტრაპერიტონეალური საკეისრო, ანუ ამ მეთოდის გამოყენებისას არ ხდება პერიტონეუმის გაკვეთა. ეს მეთოდი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაინერგა და მასზე კვლევებს აწარმოებს პროფესორი ფილიპ დერუელი. 
 

მსოფლიოში ჩატარებული ფრანგული საკეისროს კვლევების შედეგ ჩანს რომ:
•    პოსტოპერაციული პერიოდი მელოგინეთათვის ბევრად უფრო იოლია, განსხვავებით კლასიკური მეთოდისა;
•    ნაკლებია ტკივილის შეგრძნება;
•    მინიმუმამდე არის დაყვანილი შეხორცებების რისკი; 
•    შემცირებულია სარეაბილიტაციო პერიოდი. მელოგინე არ იზღუდება მოძრაობაში და ოპერაციიდან 3 საათში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

ექსტრაპერიტონეალური საკეისრო კვეთა როგორც ჩანს, ყველაზე ნაკლებად ინვაზიური და უმტკივნეულო საკეისრო კვეთაა.

რა სახის გაუტკივარება ტარდება აღნიშნული ოპერაციის დროს? 
ოპერაცია ტარდება ანალოგიური გაუტკივარების მეთოდის გამოყენებით, ეს გახლავთ სპინალური გაუტკივარება. 

როდის არის უკუჩვენება აღნიშნული მეთოდი?  
საკეისრო კვეთის მეთოდის შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ნაყოფის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოპერაცია აღნიშნული მეთოდით არ ტარდება მაშინ როდესაც:
•    ნაყოფი წონით დიდია;
•    გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემთხვევაში, სადაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია დედის ან/და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად;
•    მეორე და მესამე საკეისრო კვეთის შემდგომ 

განაკვეთის ზომა ფრანგული საკეისრო კვეთის შემთხვევაში ნაკლებია?
ორივე შემთხვევაში ნაკერის ზომა არის ერთი და იგივე-10სმ - 12 სმ

თუ პაციენტს პირველი საკეისრო კვეთა კლასიკური მეთოდით აქვს ჩატარებული, შესაძლებელია რომ ჩაიტაროს მეორე ოპერაცია ფრანგული მეთოდით?
ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი საკეისრო კვეთა ჩატარებულია კლასიკური მეთოდით. 


გახსოვდეთ, რომ საკეისრო კვეთა რჩება ქირურგიულ ჩარევად, რომელიც უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში, პათოლოგიური სიტუაციების ფონზე, რადგან გართულებების რისკი უფრო დიდია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის დროს.