ფსიქოლოგის ძალიან საჭირო რჩევები ორსულებს

როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის?
როგორ უნდა აიმაღლოს განწყობა ორსულობის დროს?
როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

ამ და ორსულებისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ფსიქოლოგი, ნინო ტაბუცაძე გვესაუბრება:

- როგორ შეგვიძლია, ორსულობისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება?
- ქალი ან არის მომწიფებული ფსიქოლოგიურად ორსულობისთვის, ან არა. მოუმწიფებლობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პატარა ასაკი, როდესაც ქალი არ არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა. ქალისთვის ხელისშემშლელი შეიძლება იყოს სხვა სოციალური თუ ეკონომიური ფაქტორებიც.

- რამდენად შეიძლება, ფსიქოლოგიური ფაქტორი იყოს უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი?
- ზოგჯერ გვსმენია ან ახლობელ ადამიანებს შემთხვევიათ მსგავსი რამ, რომ ბავშვის აყვანიდან ძალიან ცოტა დროის გასვლის შემდეგ, ბიოლოგიური შვილი შესზენიათ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. ამ დროს ჯობს, რომ უშვილო წყვილებთან იმუშაოს ფსიქოლოგმა, შეცვალოს მათი განწყობა, მოუხსნას დაძაბულობა. უშვილო წყვილების გონება დაკავებულია ამ საკითხებზე ფიქრით. მათ, რა თქმა უნდა, ესაჭიროებათ განტვირთვა და სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვა რამეზე ყურადღების მომართვა ამ პრობლემას შველის. პაციენტები აღნიშნავენ, რომ სწორედ მაშინ ეწვიათ ბედნიერება, როდესაც ამას საერთოდ არ მოელოდნენ. 

- ორსულობის პერიოდში ხშირად თავს იჩენს ტოქსიკოზი. ორსულები უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან, ვიდრე წინა პერიოდში იყვნენ. რას ურჩევთ მათ, როგორ აიმაღლონ განწყობა?
- ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით. სწორედ ეს იწვევს სტრესულ მდგომარეობას, გაღიზიანებას, სევდას. ამ დროს ქალის განწყობის ამაღლების პროცესში ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. სასურველია, ორსულებმა ხშირად ისეირნონ მეუღლესთან ერთად. აუცილებელია ურთიერთობა სხვა ორსულებთან. ორსულებისთვის საუკეთესო ადგილია მშობელთა სკოლები, სადაც ისინი სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებენ. ასევე სწავლობენ ბავშვის მოვლას, იგებენ თეორიულ ინფორმაციას მშობიარობის, გაუტკივარებისა და მათთვის საინტერესო თემების შესახებ. ეს პროცესი შემეცნებითია და დადებითად მოქმედებს ორსულის განწყობაზე. მსგავსი პრაქტიკა ნაცადია არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. საზღვარგარეთ მშობელთა სკოლებში სიარული ძალიან პოპულარულია. 

- პირველი ორსულობა და მშობიარობა გარკვეულ შიშსაც უკავშირდება. ალბათ, მშობიარობისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ორსულობის დადგომიდანვე უნდა დავიწყოთ.
- არის სპეციალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც ვამზადებთ ორსულებს მშობიარობისთვის. ეს მეთოდი მოიცავს სხეულისა და სუნთქვის ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მშობიარე ქალს, გაიადვილოს მშობიარობის პროცესი. კარგია, თუ ფსიქოლოგთან მომზადებას ორსული მეორე ტრიმესტრიდან დაიწყებს. სწორედ სუნთქვითი ვარჯიშები ეხმარება ორსულს  მშობიარობის პროცესის შემსუბუქებაში. ქალი ამ ვარჯიშებთან ერთად იღებს ინფორმაციას მშობიარობის შესახებ. მან იცის როგორ მოიქცეს. მისი განწყობაც შეცვლილია, ის არ ფიქრობს ტკივილზე. ის ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია.

- ურჩევთ თუ არა ორსულებს, წინასწარ მოინახულონ გარემო, სადაც მშობიარობას აპირებენ?
- რა თქმა უნდა. მშობიარობამდე გარკვეული ხნით ადრე, უნდა მიბრძანდნენ მათ მიერ შერჩეულ სამშობიაროში და დაათვალიერონ გარემო, სადაც მათი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყანას. თუ ორსულს წინასწარ ექნება მიღებული ინფორმაცია სამშობიარო ადგილის შესახებ, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს, მოუხსნის უცხო გარემოსთან ადაპტაციის უხერხულობას. 

- მშობიარობის შემდგომი პერიოდი დედისთვის, რა თქმა უნდა, სიხარულის მომტანია, მაგრამ ასევე ხშირია მშობიარობის შემდგომი დეპრესია. როგორ უნდა გადავლახოთ ეს პერიოდი?
- აუცილებელია, ორსულმა იცოდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ: რა იწვევს, როდის შეიძლება განვითარდეს, რა ნიშნები ახასიათებს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს და თუ რაიმე ნიშნები გამოვლინდა, როგორ უნდა გაუმკლავდეს მას. ასევე, ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მეუღლეს, რომ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ამის დაძლევაში. სასურველია, რომ როგორც კი მისი ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას მისცემს, დაიწყოს მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები: ფეხით სეირნობა, ცურვა და შეეცადოს ნაკლებად მოხვდეს სტრესულ სიტუაციაში. მეუღლეებს და ოჯახის წევრებს კი ვაძლევთ რეკომენდაციას, იზრუნონ დედის გუნება-განწყობილებაზე, დაეხმარონ მას ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმეებში.


სალომე გორგოშიძე