ჩაჩავას კლინიკის ისტორია
1873 წელს თბილისში გაიხსნა მცირე სამშობიარო სახლი, რომლის ბაზაზეც დაიწყო ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა. ამ მშენებლობისათვის ფინანსები გამოყო რუსეთის მეფის ოჯახის წარმომადგენელმა, მისმა აღმატებულებამ ოლღა თეოდორეს ასულმა.
ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობის ინიციატორი იყო კავკასიისა და ამიერკავკასიის სამოქალაქო უწყების სამედიცინო სამმართველოს მმართველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი (ა. ა. რემერტი იყო რუსეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ოლღას მკურნალი მეან-გინეკოლოგი). მისი თხოვნით საფუძველი ჩაეყარა ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას.
შენობის არქიტექტორი იყო ალექსანდრ როგოისკი (ცნობილი პოლონელი არქიტექტორი). 1875 წელს სამშობიარო სახლი გადაკეთდა ამიერკავკასიის სამეანო ინსტიტუტად, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ამიერკავკასიაში მცხოვრები ქალებისათვის კვალიფიციური ბებიაქალების მომზადება წარმოადგენდა. აღნიშნულის გამო სპეციალურად შეიქმნა წესდება:,,ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტისა და მასთან არსებული სამშობიარო ჰოსპიტალისათვის".
შემდგომში ინსტიტუტს ეწოდა ოლღას სახელობის ამიერკავკასიის სამეანო-გინეკოლოგიური ინსტიტუტი (ისტორიულ წყაროებში 1901 წლამდე ინსტიტუტი მოიხსენებოდა, როგორც ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტი, 1901 წლიდან კი ამიერკავკასიის ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტი). ქუჩას, რომელზეც ინსტიტუტი მდებარეობდა, ეწოდებოდა ოლღას სახელი (ოლღას ქუჩა). ინსტიტუტი სამართლიანად ატარებდა ,,ამიერკავკასიის ინსტიტუტის" სახელს, რადგან ემსახურებოდა არამარტო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა მოსახლეობას, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობასაც. ინსტიტუტის სამეანო, გინეკოლოგიური და ახალშობილთა განყოფილება მოიცავდა 150 საწოლ ადგილს.
1912 წლიდან ინსტიტუტი მოიხსენება, როგორც ოლღას სახელობის ამიერკავკასიის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი.
1935 წლიდან მას დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდა.
1960 წელს ინსტიტუტს გამოეყო პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, რის შემდეგაც მიიღო მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის სახელწოდება.
1981 წელს ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს კ.ვ. ჩაჩავას სახელი და ეწოდა:,,აკად. კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”. გრძელი დასახელების გამო ხალხი ინსტიტუტს სიყვარულით ,,ჩაჩავას კლინიკას” ეძახდა, რის გამოც 2010 წელს ინსტიტუტის ოფიციალური დასახელება შეიცვალა და ,,ჩაჩავას კლინიკა” ეწოდა.
ჩაჩავას კლინიკა ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში. შექმნის დღიდან კლინიკის კედლებში 500 000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.